დღეს ჩვენთან ბატონი ფრედერიკი იყო სტუმრად. ბატონი ფრედერიკი, ჭკვიანი და კეთილი კაცია. ძალიან უყვარს ჩვენთან მოსვლა, გვესაუბრება ხოლმე და თავის ბლოკნოტში რაღაცეებს ინიშნავს. ის ერთადერთია ვისაც სჯერა რომ მე ნამდვილად მოთუშული ხორცი ვარ.
ბატონ ფრედერიკს წითელი პერანგი ეცვა. ზუსტად იმ კეტჩუპის ფერი, მე რო მომასხა ზემოდან ქერა მალინამ. ფრედერიკს ეს რომ ვუთხარი, რაღაცნაირად შეიშმუშნა, მგონი გაწითლდა კიდეც. რატომ არ ვიცი. შეიძლება ცისფერია და მოვწონვარ ან კიდევ კეტჩუპი არ ევასება და სუფთა ქართულ ტყემალს ანიჭებს უპირატესობას .
ყველაზე მეტად ის მიყვარს, როცა ბატონი ფრედერიკი წრეს გვაკეთებინებს, სკამებზე დაგვსვამს და ინტელექტუალურად ვსაუბრობთ. არაფერი ჯობია ასეთ საუბრებს, ჩვენ ხომ საზოგადოება ვართ, განათლებული ხალხი , თემატიკაც მრავალფეროვანია. აი მაგალითად იმ დღეს
ბიოენერგეტიკულ ცვლებზე ვსაუბრობდით.ჩვენი ერთი მეგობარი ხომ სინათლის სხივია. მერე მომაკითხეს და წამიყვანეს. მე კიდევ ისევ იმ გოგოს გრძელ წაბლისფერ თმას ვაშტერდებოდი, ბავშვობაში ღორმა რომ შეჭამა. ჩემთან ახლოს ცხოვრობს საკმაოდ. ერთი დურბინდი უნდა ვითრიო...
იმ დღეს იამზე მეუბნება, გული მიგრძნობს დავბრმავდებიო. გამიკვირდა იცით, იამზე ხომ ჩვენი ბროლის ჭაღია რომელიც ჩვენს ოთახში კიდია და ღამღამობით მზეს ბაძავს. საიდან იცი მეთქი-, ვკითხე. ნული ფაზა მითამაშებს და ეგ ცუდის ნიშანია ეფრემ ვერდში წავიკითხე იმ დღესო. შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ ხომ იცით, მაგის ემოციურობა. სამაგიეროდ ამან ერთი აღმოჩენა გამაკეთებინა. ვერასდროს ვხვდებოდი, მიწისძვრა იწვევდა ჭაღის ქანაობას თუ პირიქით, ჭაღის ქანაობა- მიწისძვრას. გმადლობ იამზე, შენ კარგი გოგო ხარ, ნათელი..
ვალიკო ბაბუა მიყვებოდა ხოლმე, სტალინი რომ გარდაიცვალა ჩემი ხელით გავაპატიოსნეო. 7 ტყვია ჰქონია მოხვედრილი საწყალს, შვიდივე ააცილეს საოცარია პირდაპირ, როგორი დახელოვნებული მკვლელი უნდა დაექირავებინათ ნემცებს, რომ შვიდი ტყვია მოეხვედრებინა და შვიდივე აეცილებინა.მაინც სადამდე წავიდა ეს ტექნიკა. გახვალ, იყიდი რაღაც ფხვნილს, დაასხამ წყალს და სუპი გაგეჩითება. იყიდი წიგნს გადაშლი და წაიკითხავ. იყიდი 100 გრამ ეთილის სპირტს, დაუმატებ იმავე ოდენობის ნატრიუმის ჰიდროკარბონატს , აადუღებ კოლბაში 14 წუთის განმავლობაში, ადუღებულ მასას დაუმატებ მრავალძარღვას ფოთლების ორნახად ნაყენს , ბოლოქანქარას 3 ცალ ბუნდღას და კაცმა არ იცის რას მიიღებ...
ერთხელ უნდა ვცადო, ხო იცით, მიყვარს ექსპერიმენტები.
ჩემს მეზობელ გამხმარ მერაბას კი რატომღაც არ უყვარს.არაფრით არ მოეწონა თავისი შარვალი, რომელიც ქორწილში წასასვლელად მათხოვა და მეორე დღეს დავუბრუნე ცოტაოდენ შეცვლილი სახით.რა ჩემი ბრალია თუ მის შარვალს ასე ძხნელად ეხსნება ღილები...
ახლა უნდა წავიდე ,ბატონი ფრედერიკი მეძახის...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
nasha planeta slishkom iarkaia:)
damarcxebuli arwivi
Post a Comment