9.2.08

მანუელო კოსტას სიკვდილი

მანუელოს კი წყალს ასხურებდნენ, და შხეფებმა რომ ვერაფერი უშველა ,სამმა ჯალათმა წყალი უზარმაზარი კასრით დააქცია თავზე,მეოთხე განზე იდგა,ხელში მანუელოს თვალი ეჭირა. ატალახებულ სოხანეზე გულაღმა წაქცეულიყო მანუელო,გონებადაკარგულს, თავი უმწეოდ უცახცახებდა ,აჯანჯღარებდნენ ,ორგან ამოკორტნილ მუცელზეღა შერჩენოდა თვალის ფოსოდან გადმომდინარე სისხლი, სხვა ნაკვალევი გადაერეცხა წყალს. და ერთ-ერთ ჯალათს უნებურად მის ჩატეხილ ნეკნზე რომ მოუხვდა სქელი, მოქნილი თითი, ისევ ტკივილმა გამოაფხიზლა მანუელო-დასიებულ ტუჩებზე ენისწვერით წყლის ორიოდე წვეთი მოიძია, და კენტად შერჩენილი თვალი გაახილა-ზედა ქალაქის ნაღების თვალსაჩინო უმეტესობა შეკრებილიყო-მარშალი კადიმათი,პოლკოვნიკი და მიჩინიო,დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს, გასაიდუმლოებული მექისე ალფრედო ევია-წამების დარგში,ყველასა ჰქონდა თითო-ოროლა აღმოჩენა,უმრავლესობა გამოიყენეს... და მთავარი რამ საშინელება, დიდი მარშალის კატა არუფა,მშვენიერ გალიაში იჯდა,ახლა იმაზე მიმდგარიყო ჯერი. წამოიწია მანუელომ,არა,არ სურდა იმათ წინაშე მიწაზე გდება,ფრჩხილებდაძრობილი თითებით დაეყრდნო სისხლნარევ მიწას. დამსწრეთა გასაკვირად,მაინც შეძლო და წამოდგა ფეხზე, დაბარბაცდა მაგრამ შეიკავა თავი. ირწეოდა და იდგა. თავი მკვეთრად დაიქნია მარშალმა ედმონდო ბეტანკურმა,გალიის კარი გაუღეს არუფას და იმ ჯალათმაც ახლოს მიუგდო თვალი. საშინელებას დასცქეროდა მანუელო-მსუნაგად ,ფეხაკრეფით უახლოვდებოდა რბილ თათებში ჭანგებშემალული არუფა ნუგბარს...
ნუ გამირბიხარ,ვიცი ძნელია,მაგრამ მანუელო ხომ სხვა დროსაც გახსოვთ...იქ ,სერტანაში, უცნაურად იღვიძებდა ვაკეიროთაგან უმხიარულესი- თვალს გაახელდა თუ არა,იღიმებოდა. სულელის ღიმილს არ წააგავდა მისი სიხარული,უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას-ყოველივეთი აღფრთოვანებულს კოშკივით სული ევსებოდა და მხიარულად დასდევდა დუჟმორეულ ხარებს,გახსოვთ? როგორც ყოველმა ვაკეირომ მანაც მშვენივრად იცოდა თავისი საქმე-და სულ ცოტათი - უფრო. თვით დიდ მწყემსს,ზე მმორეირასაც კი უახლოვდებოდა მამაცობითა და ღონით. მანუელასთანა ცოლი მაშინ არ ყავდა და ბაზრობათა ქალაქში ხშირად დაიძურწებოდა ხოლმე,სიხარულს წინასწარატანილი-ორი თითით ყელს მოიწიწკნიდა და ასე თხოვდა თავის მეზობელს,ზე მორეირას,ნახირისთვის ერთი დღე ეპატრონა. გარეგნობითაც ყმაწვილი გახლდათ,ჰეე... როგორ უყვარდა თავისი ცხენი... და თუ ყოველი ხე, უკანასკნელ ფოთლიანა,ჟრუანტელს გვრიდა, უდაბნოში პეშვით აღებულ სილასაც იგივე სიყვარულით დასცქეროდა,ვინ რას გაუგებდა-მაშინ მარტოკინა იყო. მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივესი დაფარული ფასი და იქ,სერტანაში უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა-ბაობაბივით დიადდებოდა-ლამაზდებოდა,იფურჩქნებოდა,რა უცნაური მწვანე ეფინებოდა,რას არა ჰგავდა,ცად აზიდული-მანუელო კოსტა ცხენიდან მსუბუქად ჩამოხტებოდა და შუაგულ ბუჩქში გულაღმა წვებოდა-ცამდე ამაღლებდა.მთელი ქვეყანა-ღატაკ მანუელოსი გახლდათ,ისეთი ცქერა იცოდა,ალბათ თქვენც გახსოვთ-საცა კი თვალი მიუწვდებოდა,სუყოველივეს ითვისებდა.ყოველივეთი იჟღინთებოდა ვაკეიროს ტევადი სული და,ბედნიერად აღზევებული,სილამაზეში გაღიმებული დააქროლებდა მშვენიერ ულაყს ერთცხენიანი მეფე-მანუელო კოსტა, ლაღად აციმციმებული თვალებით მიდამოს სჭვრეტდა,იხიბლებოდა და იმ წყვილად ნაბოძებ წყალობათაგან ერთს ,სოხანეზე ჯალათის ხელით დაგდებულს, ახლა მარშალ ედმონდო ბეტანკურის კატა-არუფა ჭამდა!
_ დედამიწაზე არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე,რაც თვალია,-თქვა მარშალმა ბეტანკურმა და მიუახლოვდა-რამდენი ფერის,ნივთის,საგნის გამორჩევა შეუძლია.თვალი ყველაფერს საინტერესოს ხდის,თუკი შეიძლება ასე გამოითქვას,ყველაფერს ასაინტერესოებს...
მანუელოს უხსნიდა.
_ როცა რამე ღირებულება გვაქვს ხოლმე,ჯეროვნად ვერ ვაფასებთ და ვერ ვამჩნევთ,და მხოლოდ მა|შინ ვწუხვართ,როცა დავკარგავთ,თვალი კი ამქვეყნად უძვირფასესია. თვალი ყველასათვის საჭიროა-უბრალო მეწაღისთვისაც და ისეთი დიდი შემოქმედისთვის,როგორიც გრეგ რიკიოა. სადაა ხვრელი...
პირმოკუმული შესცქეროდა მანუელო კოსტა.
_ ახლა ცუდ ოთახში ვართ და თვალებს... ეე,თვალსა გვტკენს ეს ყველაფერი,მაგრამ აქ შენი წყალობით ვართ,ჩემს გამო კიარა,არამედ შენი სიჯიუტის წყალობით,მაგრამ თუ მოინდომებ და კარგად მოიქცევი,ეგ ცალი თვალიც შეგრჩება და დაზიანებულ ეე... დაზიანებულ ადგილებსაც დახელოვნებული ექიმები გიმკურნალებენ. სადაა ხვრელი...
აღარ ბარბაცებდა მანუელო,გაქვავებული იდგა ,ყოველი ნაკვთი გახევებოდა, სისხლი დიოდა მხოლოდ.
_ თუ არ გჯერა თვალის შენარჩუნების უპირატესობა,ჩემ ბაღში გაგატარებ,იქ შესანიშნავი მცენარეები და ნარგავებია,სუფთა ჰაერის მომცემი,თავისი საქმის მცოდნე მებაღეები ძალიან გულისყურით უვლიან,ისინი ნამდვილი ბუნების მეგობრებია. ბუნება არ გიყვარს? ოღონდ მითხარი სადაა ხვრელი და კარგად დაგათვალიერებინებ ბუნებას. ანდა თუ გინდა ჯერ ბუნებას დაგათვალიერებინებ და მერე მითხარი.
კარისკენ შებრუნდა მანუელო,ფეხი გადადგა.მაშივნე გადაეღობა ორი ჯალათი,მაგრამ მარშალმა ბეტანკურმა ხალისიანად შესძახა: რად უშლით ხელს,განა დასაძრახისია ადამიანმა კარგი ბაღის ნახვა რომ მოინდომოს?..-და აედევნენ,აქეთ წადი...ახლა იქ...ასე.ახლა ეს კიბე აიარე... აი იქ შედი.შვიდჯერ თერთმეტი ოცდაოთხია,გაუღეთ კარი... ახლა,იქ... აქეთ.
რომ არ წაქცეულიყო კედელს მიუყვებოდა მანუელო კოსტა,ნაჯიჯგნი სხეული სურვილითღა მიჰქონდა, სხვა რამ ძალისგან დაცლილი იყო... მზემ ერთადერთი თვალი მოსჭრა,თავი დახარა. შეკრეჭილი ბალახი დაინახა,ცოტათი იქეთ შეკრეჭილი ბუჩქები,შეიჭმუხნა-ეზიზღებოდა,ბუნების საქმეში როცა ერეოდნენ.მაღალი ხისკენ წაბარბაცდა,ტოტისკენ ძლივს აწია თითებდამტვრეული ხელი.
_ აჰ ხეზე ასვლა სურს-მიხვდა ბეტანკური-ძალიანაც სწორია,მაღლიდან კარგად,ძედმიწევნით ჩანს ლამაზი სანახები... მიეშველენით არ ჩამოვარდეს.
ოთხ ჯალათს მაღალ ჭადარზე აჰყავდა მანუელო,ხანდახან გრძნობას ჰკარგადვდა,მაშინ -აჰქონდათ,ერთიმეორეს აწვდიდნენ.ახლად დანაწვიმარი იყო ხე,ნესტი შერჩენოდა,მწვანედ კრიალებდა,მერე გაწვრილდა სქელი ჭადარი,ძლივსღა უძლებდა 5 კაცის სიმძიმეს,და უფრო ზევით მანუელოს მხოლოდ ორნი მიაცილებდნენ, მერე მარტოკამ შედგა ფეხი მაღლითა ტოტზე,მუხლი გამართა.მკლავები მაგრად შემოხვია ხეს,ქანცგაწყვეტილი მაგრამ ჩაეხუტა. გადამტვრეულ თითებს ვერ იშველიებდა,შემოსალტული იდაყვებით ჩაკვროდა ხეს. ზედ კენწეროსთან იდგა მანუელო კოსტა და ცალი თვალით ძალიან დინჯად,საგულდაგულოდ,რიგრიგობ
ით, ოთხივე მხარეს იხედებოდა. ბევრი რამ ჩანდა.როგორც იქნა და გააძღო თვალი. მაცდური აზრი წამოეპარა- იმ სიმაღლიდან რომ გადმომხტარიყო,მიწამდე სულიც არ დაჰყვებოდა,აღარ შეეძლო იქ,იმ ოთახში მეტის ატანა,მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა-ეს ჯერ ერთი რომ,ლაჩრობას დაემსგავსებოდა და მეორეც ის,რომ მარშლისათვის უკანასკნელი სიტყვა უნდა ეთქვა.იმსიმაღლიდან,ერთხელაც მოავლო ქვეყანას თვაი,ცას ახედა.
ძირს მძინედ დაეშვა მანუელო,ჯალათების ხელიდან-ხელში გადადიოდა.მიწას შეახო როგორც იქნა,ფრჩხილებდაძრობილი ფეხის თითები,შებარბაცდა და ამჯერადაც შეიკავა თავი,გაიმართა,ფეხები განზე გადგა.
_სადაა ხვრელი...-დაეკითხა სულწასული მარშალი-აუარება ფულს მიიღებ თუ...
_ახლა კი შეგიძლია მეორე თვალიც ამომთხარო- გააწყვეტინა სიტყვა მანუელომ,გამარჯვებული შესცქეროდა,თავი შემართა- სუყველაფერი დავიმახსოვრე.
---------------------------------------------------------------------------------------------------------
მანუელო კოსტა პირველი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან,ვინ დიდი კანუდოსელი გახდა.

5 comments:

Anonymous said...

Dochanashvili. "samoseli pirveli" me piradad "ze" miyvars dzalian

Anonymous said...

Steri xar shen, kaatinga:)

Anonymous said...

miyvars...

Anonymous said...

am adgilas rom mivedi cremlebi tavisit wamomivida da lamis wigni davxure

Anonymous said...

dochanashvili unichieresiaaa.. michirs sxva nawarmoebis wakitxva ''samoseli pirvelis'' shemdeg! :)