და ისევ როგორ ბ):
როცა დამიჭირეს, უსამართლოდ მიმაჩნდა ყოველივე და დარდისაგან ლამის მოვკვდი კიდეც. უსამართლოდ! ჰმ, ორმოცი ადამიანის სიცოცხლე მადევს კისერზე და უსამართლოდ! მაგრამ თურმე ერთი საკუთარი, დამპალი, საზიზღარი და პატარა სიცოცხლეც კი ბევრი ყოფილა სხვების ცხოვრების გამოსასყიდად.
შიმშილმა და პროტესტმა არ მიშველა _ არავის ვადარდებდი, არც დაუძალებიათ ჭამა, თუმცა, ერთი დადებითი მხარე მაინც ჰქონდა ამ შიმშილს _ გონება დამეწმინდა, უფრო საღად აზროვნება დავიწყე, თანაც დავმშვიდდი და ეს კი, უმთავრესი იყო ჩემთვის.
სასაცილოა პირდაპირ _ ჩემმა ყველაზე ერთგულმა და საყვარელმა მეგობარმა გამცა და დღემდე ვერ გამირკვევია _ რატომ? საინტერესოა, მაგრამ რატომღაც სულაც არ ვბრაზობდი მასზე. არა, გაფიქრებითაც კი ვერ ვკიცხავ, არათუ რამე ბოღმა ჩავიდო გულში... იქნებ, იქნებ სადღაც სიღრმეში, მსურდა კიდეც, რომ ბოლოს და ბოლოს ჩავვარდნილიყავი?!
პილატე არაა ცუდი კაცი, ოდნავ გონებაგაფანტულია მხოლოდ. შევხვდი თუ არა, შევატყვე, რომ არც მისმენდა და აღარც მიცდია თავის მართლება.
ხვდებით არა, იმ ძირითად თემას რომ გავურბივარ და ათას რამეს რომ ვყვები, მიმძიმს იმ ამბის გახსენება, მაგრამ თქვენთვის, ალბათ უფრო საინტერესო მოსასმენი იქნება.
როცა ჩემთან საკანში შემოიყვანეს, ყურადღებით დავათვალიერე და ვერაფერი დავინახე მასში ისეთი განსაკუთრებული, რასაც მასების მღელვარების გამოწვევა შეეძლო. ერთი ჩვეულებრივი, ვიტყოდი, ძალზედ ჩვეულებრივიც კი, ებრაელი იყო. ასეთები მრავლად არიან, თუკი მი-მოიხედავთ. არანაირი განსაკუთრებული ნიშანი, რითაც მის დამახსოვრებას შეძლებდით _ არ გააჩნდა. ან ნაიარევი, ან სახის ნაკვთების ფორმა, ან სიმაღლე _ არაფერი! სასტიკად ნაწამები, როგორც კი შემოაგდეს და ფილაქანზე დააგდეს, არც განძრეულა და გულაღმა იწვა. თვალებში ცრემლი ჰქონდა _ ეს იმიტომ შევამჩნიე იმ ნახევრადსიბნელეში, რომ მის სისხლით დაფარულ სხეულზე, ვარსკვლავივით ციაგებდა ერთადერთი წვეთი ცრემლი მარჯვენა თვალზე.
ეს რა გიქნეს, იმ საზიზღრებმა-მეთქი, ვიყვირე და თვით მეც კი, კაცისმკვლელ იეშოას, გულმა არ გამიძლო და თვალი ავარიდე.
ღმერთი დასჯის, ღმერთი გადაუხდის მათ სამაგიეროს, ადამიანის ასეთი დამცირებისათვის, აღმომხდა მე, მან კი ხელით მიხმო და როცა გვერდით მოვუჯექი, ძლივსგასაგონად აღმოთქვა: [_ შვილი გყავს ბარაბა?]
ჯერ გამიკვირდა მეტსახელი საიდან იცოდა, მერე კი უცბად გადამიკვირდა: _ კი, და რატომ მეკითხები?
[_ შვილმა რომ დაგამციროს ბარაბა, სასიკვდილოდ გაგიმეტოს და მერე მიგატოვოს, სამაგიეროს რითი გადაუხდი?]
ჩემი თავი ვერაფრით წარმოვიდგინე დამცირებულ მამად, მაგრამ გამახსენდა ჩემს მიერ ნაცემი მამაჩემი, მტვერში და სისხლში ამოთხვრილი, როგორც ყოველთვის ნასვამი და ატირებული, ცალ მკლავზე დაყრდნობილი და მეორეთი ჩემი მონატრული: _ რატომ მკლავ, შვილო, იეშოა?
ეს არ იყო არც საყვედური, არც შიში, არც რისხვა _ ეს იყო უანგარო სიყვარული შვილისადმი და სიყვარულით სიკვდილისადმი მზადყოფნა.
წამოვაყენე პატიმარი და ერთადერთ ნაჯლეჯ ჭილოფზე დავსვი. სუნთქვა უჭირდა, მაგრამ თქვა: _ [და მაინც, ღმერთს არ ეჯავრებით, ღმერთს უყვარხართ და მეორედაც კი, მეორედაც კი მზად იქნება თქვენგან (თქვენთვის) ეწამოს].
მერე ლოცვა დაიწყო, მე კი ათასი რამე მიტრიალებდა თავში. ამ კაცთან საუბარში სიცოცხლე ისე შემიყვარდა, სიკვდილის აუტანელი შიში დამეწყო. გარედან კი გაუთავებლად ისმოდა: _ ბარაბა! ბარაბა! ბარაბა!
ალბათ მთელი სამი საათი ილოცა, იქნებ გონება არეულიც ჰქონდა მოახლოებული უბედურებით?! რატომღაც, მაშინ ჩავთვალე, რომ მასზე მეტად მე ვიყავი სიკვდილისათვის მზად და ამ აზრმა ძალა და მხნეობა შემმატა. მხარზე ხელი დავადე და წამოვაყენე. შემზარავი შესახედი იყო მისი ნაგვემი სხეული და რაღაც წამს, ისიც კი გავიფიქრე _ ნეტავ აზრი აქვს კი? _ გადარჩება? მაგრამ ეს თვითდახსნის სურვილი უფრო იყო, ვიდრე საღი აზრი, რადგან სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, განა არ დამტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ ღირდა, ცდად მაინც ღირდა?
ფეხზე წამოვაყენე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვთხოვე მოსასხამები გავცვალოთ-მეთქი. მან პირველად ჩამხედა თვალებში და მკითხა: [_ ჩემი მეგობარი ხარ, იეშოა?]
არ ვიცი რატომ, მაგრამ ვუპასუხე _ არა, უფალო.
მან კი, თავზე ხელი დამადო და სანამ მოსასხამს გაიძრობდა მითხრა: _ ვერავინ შესვამს იმავე ფიალას, რომელსაც მე [თუ ზევიდან არაა]! მოვიცვი და გამიკვირდა რატომ არ დაინტერესდა, თუ რატომ ვთხოვე მოსასხამების გაცვლა (მითუმეტეს რომ მას დაგლეჯილი ეცვა მე კი ძვირფასი), მან კი ლოცვა განაგრძო.
ხალხი არ ცხრებოდა, ნაზარეველის სიკვდილს მოითხოვდა და მეც და მასაც მშვენივრად გვესმოდა, რომ პრინციპში, მისმა გამოჩენამ სიკვდილისაგან მიხსნა და ძნელი იქნებოდა ჩემთვის ნაჩუქარი სიცოცხლის შერგება.
მცველმა კარი გააღო და დაიძახა: _ ნაზარეველი გამოვიდეს!
დადგა წამი, როდესაც ნაზარეველის მაგივრად მე უნდა გადავცემოდი ხალხს განსასჯელად და ეს წამი ალბათ უსაშველოდ გაიწელა, რადგან მცველმა რატომღაც მას შეხედა და გაღიზიანებით იკითხა:
_ რომელია იეშოა ნაზარეველი?
_ მე ვარ! _ აღმომხდა და მისაკენ მივტრიალდი, მან კი მშვიდმა, როგორც კრავმა მინდორზე, შემოგვხედა და ლოცვა განაგრძო.
ყველაფერი დაიმსხვრა ჩემში _ ჩემი სიამაყე, ჩემი ცრუდიდსულოვნება, ჩემი სურვილი და ჩემი გამძლეობა. მან გამიმეტა, გესმით, თვალის დაუხამხამებლად გამიმეტა და ნება დამრთო, თავი შემეწირა მისთვის, ვინც თავს ღმერთს უწოდებდა.
ძნელია მივყვე იმ განცდებს, რომელმაც მაშინ ჩემში დაივანეს, მაგრამ ეს დაახლოებით იყო: _ გაკვირვება, იმედგაცრუება, შიში, რომ ყველაფერი დასრულდა, სინანული სიტყვებისათვის _ “მე ვარ”, ზიზღი საკუთარ მეტიჩრობაზე, ზიზღი ნაზარეველის მიმართ და აუტანელი ტკივილი, რომ თურმე ერთი პატიოსანი ადამიანიც კი აღარ დარჩა და რომ ღმერთებიც იტყუებიან.
მცველი პირქუშად მიმაცილებდა ბნელ ტალანში, გარეთ კი ხალხი ყვიროდა: _ მოკვდეს, მოკვდეს იგი!
თვალწინ წარმომიდგა ნაზარეველის ნაწამები სხეული და გავიფიქრე: _ ალბათ ვეღარ გაუძლო და... და წამომცდა: _ მე არა, ის იყო იეშოა ნაზარეველი! მაგრამ წამომცდა კი? _ ღმერთო დიდებულო, კი არ წამომცდა, _ შეგნებულად ვთქვი, ოღონდ ვითომ... ვითომ იგივენაირად მოვიქცეოდი, რომ შემწინააღმდეგებოდა და ეყვირა: _ არა, ეგ კი არა, მე ვარ ის, ვინც უნდა მოკვდესო. მე დავიჩემებდი _ არა, მე ვარ-თქო, მცველი დაიბნეოდა; მე ვეტყოდი ნაზარეველს _ ნება მომეცი, ეს მაინც გავაკეთო შენთვის, შენ კი... არაპირდაპირ, მაგრამ სადღაც სიღრმეში ხომ მიჭიატებდა _ გმირი ბარაბა, ვინაც თვით ნაზარეველი იხნა, მისთვის ეწამა!
და აქ ფარდა აეხადა ყველაფერს, რადგან ყოვლადშეგნებულად და ხმამაღლა გავიმეორე: _ მე ვარ იეშოა, ძე სიმონისა და არ ძე იოსებისა, თქვენ შეგეშალათ, ვინც თქვენ გჭირდებათ, ის საკანში დარჩა. ეს არაა ჩემი მოსასხამი, ეს ნუ მოგატყუებთ!.. და ამის მეტი აღარაფერი მახსოვს, რადგან გონება დამებინდა და ყვირილი ავტეხე. მერე შუბის ტარი, იატაკზე ხოხვა და სინათლე, და სინათლე და გუშაგი თავზე: _ წადი იეშოა, პილატე სიცოცხლეს გჩუქნის, ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ წინასწარმეტყველებიც ცდებიან! სამ დღეში გელოდება. წადი და ნუღარ იყბედებ, თორემ მეორედაც ვეღარ გადაგარჩენენ.
და მე ვნახე იგი მელოტ მთაზე, მშვიდი, როგორც კრავი მინდორზე, ერთი წვეთი ცრემლით მარჯვენა თვალზე, რომელშიც კიაფობდა ცოცხალი სიტყვები: _ არავის ძალუძს იმავე ფიალის შესმა, რომელსაც მე შევსვამ, თუ ზევიდან არაა!
იცოდა, იცოდა!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment